saqarTvelos mdinareebi - cxeniswyali
ტერიტორიული ერთეულები | ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი |
მარჯვენა შენაკადები | ზესხო, ხელედულა, ჯონოულა |
მარცხენა შენაკადები | ღობიშური, ლეუშერისწყალი, ხოფური |
სათავე | სვანეთის კავკასიონი 42°54`03` ჩ. გ. 43°18`43` ა. გ. |
შესართავი | მდ. რიონი 42°07`31` ჩ. გ. 42°17`58` ა. გ. |
სიგრძე | 176 კმ |
აუზის ფართობი | 2120 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 90,4 მ³/წმ |
მდინარე საქართველოში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ფასისმთის დასავლეთით, ზღვის დონიდან 2710 მ. სიგრძე 176 კმ, აუზის ფართობი 2120 კმ2. ერთვის რიონს მარჯვენა მხრიდან სოფელ საჯავახოსთან. ცხენისწყლის შუა და ზემო დინება კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მოედინება, ქვემო - კოლხეთის დაბლობზე. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულ-ზაფხულში ახასიათებს წყალდიდობა (ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 70%), ზამთარში - წყალმცირობა (10%), შემოდგომაზე - წყალმოვარდნა (20%).
წყალდიდობა ქვემო დინებაში თებერვალ-მარტში იწყება, ზემო დინებაში - აპრილში. წყალდიდობის მაქსიმუმი მაის-ივლისშია, რის შემდეგ დონე იკლებს აგვისტოს ბოლომდე. აუზის მთიან ნაწილში წყალმცირობა 4-5 თვე გრძელდება (ნოემბრიდან მარტამდე). ქვემო დინებაში წყალმცირობა არამდგრადია, ხშირია წვიმებითა და თოვლის დნობით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 90,4 მ³/წმ. ცხენისწყალი ყოველწლიურად რიონს უერთებს 2,84 კმ³ წყალს. ყინულოვანი მოვლენები - ყინულნაპირისი და თოში - იცის ზემო და შუა დინებაში. მდორე დინების ცალკეულ მონაკვეთებზე წარმოიქმნება ყინულსაფარი, რომელიც 5-6 დღეს გრძელდება.
ცხენისწყლის უმთავრესი შენაკადებია: ზესხო, ხელედულა, ჯონოულა (მარჯვ.), ღობიშური, ლეუშერისწყალი, ხოფური (მარცხ.). ზემო და შუა დინებაში იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, წისქვილების ასამუშავებლად, ენერგეტიკისთვის, ქვემო დინებაში - სარწყავად. ცხენისწყლის ნაწილი გადაგდებულია მდინარე ლაჯანურში ლაჯანურჰესის ასამუშვებლად, რისთვისაც ქალაქ ცაგერთან კაშხალია აგებული.
ცხენისწყალზე მდებარეობს ქალაქი ცაგერი.